რა არის Web3?
10 აპრილი 2024     428

რა არის Web3?

პრაქტიკულად ყველას აქვს გარკვეული წარმოდგენა იმ პროცესებზე, რომლებსაც ვაწყდებით როდესაც მნიშვნელოვანი გადატრიალების მცდელობებია ინტერნეტ სივრცეში. Web3-იც მორიგი მსგვასი მცდელობაა. ორი სიტყვით, Web3 წარმოადგენს სხვადასხვა დეცენტრალიზირებულ ტექნოლოგიებს, რომლებიც ერთობლივად ქმნიან გარკვეულ ციფრულ სისტემას.

ინტერნეტზე, რომელსაც ვხმარობთ ყოველდღიურობაში ე.ი., Web2-ზე, დომინირებენ რამდენიმე ტექ გიგანტი კომპანიები. ეს კომპანიები ფლობენ ზღვა მონაცემებს მომხმარებლებზე, განაგებენ ონლაინ ინტერაქციის წესებს და ამავდროულად საკმაოდ ბევრ ფულსაც შოულობენ ამით. Web3 ცდილობს ვებ სივრცე შეცვალოს დეცენტრალიზირებული ინტერნეტით სადაც ძალაუფლების ბალანსი შემოტრიალებულია, აქ მომხმარებლებს, და არა კორპორაციებს, ექნებათ ძირითადი კონტროლი. ყოველ შემთხვევაში, პოზიტიური ჩანაფიქრი ალბათ მსგავსი.


დეცენტრალიზაცია

Web3 ცდილობს დეცენტრალიზაციას ბლოკჩეინ ტექნოლოგიით. ბლოკჩეინები გაზიარებული მონაცემთა ბაზებია, რომლებიც ინახავენ პროგრესულად მზარდ ინფორმაცის, რომელიც ემაგრება ბლოკებს. ეს ბლოკები კრიპტოგრაფიულად დაკავშირებულია და გაზიარებულია კომპიუტერების მასშტაბურ ქსელში.

Web3 ასევე ცდილობს უფრო პირდაპირი და დემოკრატიული ონლაინ სივრცეების ჩამოყალიბებას peer-to-peer (P2P; პირდაპირი თარგმანი პირიდან პირზე) ინტერაქციებით. ისეთი რამეები, როგორებიცაა მუსიკის ყიდვა პირდაპირ არტისტისგან, მოცულობითი სივრცის შეძენა სხვა მომხმარებლისგან, ან ფინანსების მართვა ბანკის გარეშე – ეს ყველაფერი შესაძლებელია ბლოკჩეინ ტექნოლოგიით. ეს წარმოადგენს იმ სურათის ალტერნატივას, რომელშიც გიგანტური ტექ კომპანიები შუამავლები არიან, რომლებიც იყენებენ მომხმარებელთა ინფორმაციას საკუთარი მოგებისთვის.

ბლოკ ფოტო

დეცენტრალიზირებული აპლიკაციები (dApps)

ამ dApp-ებს ნებისმიერი ცენტრალური ავტორიტეტის გარეშე შეუძლიათ ფუნქციონირება და მომხმარებლებს სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის საშუალებებს:

Decentralized Finance (DeFi): DeFi პროტოკოლები ცდილობენ ახალი, უნებართვო (permisionless) ფინანსური სისტემის შექმნას. მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთთან ციფრული საკუთრებების მოთხოვნა, გაგზავნა და გაცვლა ტრადიციული ფინანსური ინსტიტუციების გარეშე. რაც დამატებით პოტენციურ ინკლუზიურ პოლიტიკას უსვამს ხაზს მათთვის ვინც საერთოდ ვერ იყენებს ბანკებს ან ვერ იყენებს გარკვეულ ფუნქციებს სხვადასხვა მიზეზების გამო.

სოციალური ქსელები: დეცენტრალიზირებული სოციალური პლატფორმები ჯერ-ჯერობით მაინც ახალი ხილია, თუმცა პლიუსი აქაც მეტი კონტროლია. განსაკუთრებით სერიოზულ პრობლემებს ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით სწორედ მსგავს პლატფორმებზე ვაწყდებით. ასევე არსებობს ცენზურის პრობლემები, თუმცა ნაკლებად მწვავე (ყველაზე მარტივი მაგალითი აპლიკაცია რომლესაც Twitter ერქვაა). უფრო იმედიანი სურათის მიხედვით, მომხმარებლებს აღარ მოუწევთ მუდამ იმაზე ფიქრი, თუ რა უარყოფითი ეფექტი შეიძლება მოყვეს მათ ყოველდღიურ, არაფრისმავნე ინტერაქციებს.

ბლოკჩეინის ჩანახატი

Web2 vs. Web3

ტრანზიცია Web2-დან Web3-ზე საყურადღებო ცვლილებაა. მიმოვიხილავთ რამდენიმე ცენტრალურ განსხვავებას მათ შორის:

კონტროლი: Web 2.0-ში მსხვილი კომპანიები აკონტროლებენ ინფორმაციის მიმოცვლას. Web3-ით შესაძლებელია მომხმარებლებზე ფოკუსირება დეცენტრალიზირებული ქსელებით, რაც უფრო დემოკრატიულ ონლაინ გარემოს შექმნის მომხმარებლებისთვის. რა თქმა უნდა, ეს მაინცდამაინც ასე არ იქნება, თუმცა პოტენციალი არსებობს.

მომხმარებლების მონაცემები: Web 2.0 პლატფორმები ხშირად მომხმარებლების ინფორმაციას აგროვებენ და ამით შემდეგ ფულს აკეთებენ ისე, რომ მომხმარებლებმა ამაზე შეიძლება ვერც ვერაფერი გაიგონ. Web3-ი პოტენციალურად გვთავაზობს მოდელსა სადაც მომხმარებლებს უფრო მეტი კონტროლი აქვთ საკუთარ მონაცემებზე და იმაზე, თუ როგორ გამოიყენება ის. თუმცა, ბუნებრივია, რომ აქ პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ ყოველმა პლატფორმამ წინასწარ მოითხოვოს თანხმობა მონაცემებთა შეგროვებაზე, რათა ის გამოიყენოს მომხმარებელმა. რაც საალბათოცაა და რაც არ იქნება განსხვავებული Web2-ის სიტუაციისგან.

უსაფრთხოება: ყველაზე აშკარა პრობლემები Web3-ის დაცულებასთან მიმართებაში იკვეთება კონსენსუს პრობლემებში. თუ უმრავლესობას უნდა, რომ რომელიმე წევრი დაჩაგროს, მათ ჩვეულებრივ შეუძლიათ ამის გაკეთება. ამიტომ, სისტემა იმდენადაა დაცული, რამდენადაც ამის სურვილი აქვს უმრავლესობას.

ინოვაცია: ინოვაცია Web 2.0-ში მაინც მეტწილად რამდენიმე მთავარი ორგანიზაციის გარშემო ტრიალებს. Web3 ამხრივ პოტენციურ ალტერნატივას წარმოადგენს.

დეკორაცია

სირთულეები და მომავალი

Web3-ს აქვს პოტენციალი, თუმცა ისევ დამწყებ სტადიაზეა. სავარაუდოდ გარკვეული პრობლემებია მოსაგვარებელი სანამ უფრო ფართო გახდება მისი მოხმარება:

სკალირებადობა: თანამედროვე ბლოკჩეინ ტექნოლოგიას სკალირებადობის შეზღუდვები აქვს. იმ ტრანზაქციების რაოდენობა, რომლებიც ეფექტურად შეიძლება დამუშავდეს რაიმე ქსელის მიერ არაა დამაკმაყოფილებელი. დეველოპრები აქტიურად ცდილობენ ამ პრობლემის აღმოფხვრას 2-შრიანი პროტოკოლებით, რომლებიც მომართულია ტრანზაქციების რაოდენობის მომატებაზე ისე, რომ დეცენტრალიზირებული იყოს ისევ ქსელი.

UI-ს კომპლექსურობა: მათთვის, ვისაც არ აქვს გამოცდილება ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან და ციფრულ საფულეებთან, dApp-ებში და ზოგადად Web3 სისტემაში ნავიგაცია საკმაოდ რთული შეიძლება აღმოჩნდეს. ამ ყველაფრის გამარტივა და უფრო ინტუიციური ნავიგაცია ალბათ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს Web3-ის მასშტაბურ პოპულარიზაციაში.

რეგულაციები: Web3 წარმოადგენს რეგულატორულ სირთულეს სხვადასხვა მთავრობებისთვის. საჭიროა ნათელი და მორგებული რეგულაციური მექანიზმების შემუშავება რათა ინოვაცია არ დაითრგუნოს და ამავდროულად, ციფრულ საკუთრებებთან და დეცენტრალიზირებულ სისტემებთან დაკავშირებული მასიური რისკები შემცირდეს.

იკა

იკა